"If a writer falls in love with you, you can never die."

Saturday, July 8, 2017

ინტერვიუ დეა დიმარკოსთან

For my Georgian Fans- Dea's Interview in Georgian!
(translation by Giorgi Muzashvili)

ჩვენ გვაქვს შანსი შევხვდეთ დეას ვამპირული ომების შემაჯამებელ ინტერვიუზე. მან არ მოისურვა მისი სურათი გამოგვეყენებინა, მაგრამ, დაგვთანხმდა ინტერვიუს გამოქვეყნებაზე.



გამარჯობა, დეა! შემიძლია, ასე მოგმართო?
დიახ, რა თქმა უნდა.

მადლობა რომ შემოგვიერთდი შენს წარსულზე სასაუბროდ. ვიცი, რომ ეს რთული თემაა.
ყველაფერი რიგზეა.

შესანიშნავია. მაშ, დავიწყოთ. შენს ბავშვობაზე მოგვიყევი.
დედაჩემმა გამზარდა. მამაჩემი არ მახსოვს- ის ჯერ კიდევ მაშინ დაიღუპა, როცა ძალიან პატარა ვიყავი. დედაჩემი ძალიან მხიარული იყო. ის თანამედროვე ბოშას ჰგავდა- ჩვენ მუდმივად ვმოგზაურობდით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რთული იქნებოდა ასეთი ცხოვრება: სამუშაოდან სხვა სამუშაოზე, ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში. მაგრამ დედაჩემი ამ ყველაფერს ხალისით აკეთებდა. მახსოვს, ერთხელ თუ ორჯერ, როდესაც მის ოთახში შევედი, ის ტიროდა. ვფიქრობდი, რომ ასე მამაჩემის გამო იქცეოდა. ახლა კი ვხვდები, რომ ჩვენი დამალვის იძულების გამო ტიროდა. ახლა უკვე ვიცი სიმართლე, წარმოვიდგენ, რომ ის არ შეხვედრია ნათანს იმ ბარში და არ შეუტყვია, რას წარმოადგენდა იგი. არ შეხვედრია ელაიას და დევიდს, რომლებიც მოვიდნენ და მამაჩემის შესახებ სიმართლე უთხრეს, მას შემდეგ რაც ის მოკვდა. 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სიზმარი სადაც სტიუარტი დედაჩემს თავს ესხმოდა, მხოლოდ სიზმარი იყო- რომ ის ნამდვილად კიბოს გამო მოკვდა, მაგრამ ამის შესახებ სტიუარტთან საუბარი ადვილი არაა. შესაძლოა, მან მართლაც მოკლა დედაჩემი, მისი საქციელის გამო. მოკლა ჩემამდე მოსასვლელად.
ნებისმიერ შემთხვევაში- ეს ჩემი ბავშვობაა. მე დავდიოდი სკოლაში, როგორც ნორმალური ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მქონდა ახალი სახელი, ახალი ვარცხნილობა და ახალი სკოლა. ყველაზე დიდხანს ერთ ადგილას ორ წელიწადს გავჩერდით.

ასეთ დროს რთული არ იყო მეგობრების შეძენა?
ხო. ანუ, მე და დედაჩემს მეგობრები გვყავდა, რომელთაც შობას ბარათებს ვუგზავნიდით ხოლმე. რამდენიმეს ჩვენც ვიღებდით ფოსტის ყუთში. შეიძლება, ხალხი ფიქრობდა რომ ჩვენ ვინაობის საიდუმლოდ შენახვას ვცდილობდით და არად აგდებდნენ იმ ფაქტს, რომ ერთი მისამართი არ გვქონდა. არ ვიცი, დედა მათ რას ეუბნებოდა. რამდენიმე ახლო მეგობარი მყავდა, მაგრამ საუკეთესო მეგობარს კოლეჯში შევხვდი.

მოგვიყევი მის შესახებ.
მას ანა ერქვა. ერთმანეთს ესპანურის გაკვეთილზე შევხვდით. როცა კლასში შევედი ის უკანა მერხზე იჯდა, მთლიანად შავებში გამოწყობილი, თვალების გარშემო ჩრდილით და შავი ტუჩსაცხით. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ის ვამპირი არ იყო, მე ყოველთვის ვცდილობდი მათგან თავი შორს დამეჭირა; მაგრამ რაღაცამ- ალბათ, ბედისწერამ (უხალისოდ იცინის) მასთან მიმიყვანა, რის შემდეგაც მის გვერდით დავჯექი.
ჩვენ ვსაუბრობდით. ერთი კვირის შემდეგ მას ვამპირების შესახებ ვუთხარი. მერე კი თითქოს მივეწებეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, გამომიყენა თუ არა მან? ვიტყოდი, რომ ჩვენ ერთმანეთი გამოვიყენეთ. ახლა სიმართლე ვიცი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ როდესაც დედაჩემი ავად იყო და მე ვმკურნალობდი, ის ჩემ გვერდით იდგა. მთელი მისი ოჯახი. (დეა ცრემლებს იწმენდს თვალებიდან, ერთი წუთით  ინტერვიუს თავს ანებებს და ხელსახოცს იღებს).
მაპატიეთ. (სრუტუნებს)

ყველაფერი რიგზე. შეისვენე. (პაუზა) სანტიზე მოგვიყევი.
(იცინის) სანტი, სანტი... ის სრულყოფილია.

სრულყოფილი?
ჰმმმ... ანუ, ჩვენ ურთიერთობას აღმავლობებიც ჰქონდა და დაღმავლობაც, მაგრამ მან ჩემზე ბევრად დიდხანს იცხოვრა და ამ ურთიერთობაში მე უფრო პატარა და გამოუცდელი ვიყავი. მაგრამ ჩვენ იდეალური შუალედი ვიპოვეთ.

რა წინააღმდეგობები ჰქონდა თქვენს ურთიერთობას?
თავდაპირველი- ის ჩემზე 120 წლით უფროსია- მაგრამ ამას მალე შევეგუეთ. ამ... მას არ სურდა შევყვარებოდი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის მამაჩემთან მეგობრობდა და საკუთარ თავს ნათანის   სიკვდილში ადანაშაულებდა. ძალიან დიდხანს ვარწმუნებდი, რომ ეს ერთი რამ სხვებთან კავშირში არ იყო. ამას დამატებული ისიც, რომ ვფიქრობდი, ჩვენი ერთად ყოფნა ბედისწერა იყო. შენ კი არ შეგიძლია საკუთარ ბედისწერის წინააღმდეგ წასვლა.

შენ ამისი გჯერა? რომ არ შეგიძლია ბედისწერას წინააღმდეგ წასვლა?
დიახ. სრულიად. დიდხანს არ მეჯერა, რადგან ვჯიუტობდი. მაგრამ მე მწამს რომ ყოველი ჩვენგანისთვის არსებობს დაწერილი ბედი.

სანტიში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
მისი ესპანური გარეგნობა, შოკოლადისფერი თვალები... ის ხუმარაა, ძლიერია. ჩვენ ერთი და იგივე მუსიკა და ფილმები მოგვწონს. ის რომანტიკულია, და ის მე მიცნობს, ხანდახან იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარ თავს ვიცნობ. ჩვენ უბრალოდ... ერთმანეთს ვავსებთ.

სტიუარტზე რას გვეტყვი?
ამაზეც იცით?

ხო.
(დარცხვენილი ახველებს)
სტიუარტი ჩემი ბედისწერის კიდევ ერთი ნაწილია, რომლის გაკონტროლებაც არ შემიძლია.

დარწმუნებული ხარ?
დარწმუნებული რაში?

რომ არ შეგიძლია მისი გაკონტროლება?
აბსოლუტურად.

გიყვარდა?
(ყოყმანობს).
რაღაც მხრივ, კი, მიყვარდა. მას მისტიკური, მიუწვდომელი და ბნელი გარეგნობა ჰქონდა.

ფიქრობ, რომ მას უყვარდი?
შესაძლოა. მისი აზრების წაკითხვა ადვილი არასდროს ყოფილა. ის კი ვიცი, რომ ჩემზე ზრუნავდა. მან ხომ გადამარჩინა!

არჩევანის გაკეთება რომ გიწევდეს სანტისა და სტიუარტს შორის, რომელს აირჩევდი?
(გაღიზიანებული მპასუხობს)
უაზრო კითხვაა, არ ვუპასუხებ.

კარგი. საძმოსთან გატარებულ პირველ თვეებზე მოგვიყევი. როგორი იყო?
გიჟური, საშიში, ამაღელვებელი... ვაუ. დიახ. ეს რაღაც სრულიად ახალი იყო- სრულიად განსხვავებული იმათგან, რაც შეიძლება გამოცდილი გქონდეს.

შენ ისწავლე მათი ენა...
საი- ეს ნიშნავს „დიახ“. ტაკეშიმ კი საბრძოლო ხელოვნება მასწავლა. მათ ვამპირების მოდგმის ისტორიაც მასწავლეს, რომელზე წარმოდგენაც არ მქონდა. წარმოიდგინეთ წლობით იცხოვრო ადამიანების გვერდით, გქონდეს საკუთარი კულტურა, ტრადიციები, გყავდეს ცნობილი პირები... მაგრამ ამ ყველაფერს მთელი მსოფლიოსგან მალავდე.

რას გრძნობ, როცა უყურებ როგორ ნადირობენ ადამიანებზე?
არა მხოლოდ ადამიანებზე, ცხოველებზეც. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გულისამრევად მომეჩვენა; ანუ, ჩვენ, ადამიანები, მიჩვეული ვართ იმას, რომ გაბატონებული არსებები ვართ და იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც მოვა, სისხლს გამოგწოვს, თითქოს კოღო-ბუზი იყო, შემდეგ კი მეხსიერებას წაგიშლის ყველაფერს თავდაყირა აყენებს. შემდეგ ამას შევეგუე.

იმ ხალხზე რას იტყვი, „იუვიში“ რომ დახოცეს?
ბავშვებზე მოძალადეებს გულისხმობთ?

დიახ.
არ ვფიქრობ, რომ მოკვლა დასჯის შესაფერისი ფორმაა... მაგრამ საპატიმროები ისედაც გადავსებულია, ამ ხალხს კი არანაირი სხვა მეთოდი არ შეცვლის, ასე რომ...

ელაიაზე და დევიდზე მოგვიყევი.
ისინი შესანიშნავები არიან. ძალიან განათლებული- სწავლას მოწყურებული. მშვიდი და მომთმენი. მახსოვს, ელაიამ როგორ უთხრა სანტის, რომ მისი ჩემთან ყოფნა კარგი იქნებოდა... და როდესაც გამაგებინა, იცოდა, რომ სტრიქსი მესმოდა. ყოველთვის აუღელვებელი. დევიდიც. მაგრამ ორივე მათგანს აქვს სხვა, უფრო ბნელი მხარე.

გაოგნდი როდესაც შეიტყვე რომ დევიდი ლუციფენი იყო?
ნამდვილად, დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი გაოგნებული. მაგრამ შემდეგ მან ჩემთვის დასამტკიცებლად გადაუხვია თავისიანების საქმიანობას. ხოლო შემდეგ რაც გააკეთა... ჩემი სიცოცხლე იხსნა...

შარლოტზე, მიკაზე და ლუკასზე რას გვეტყვი?
(იცინის) ბიძია ლუკასზე.

დიახ.
ყველა მიყვარს. მათ გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. ისინი ხომ ჩემი ოჯახის წევრები არიან- ყოველთვის იყვნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი. ლუკასთან ურთიერთობის დათბობას კი დიდი ხანი დასჭირდა.

და შარლოტთანაც.
ხო, მაგრამ ის უბრალოდ ლუკასს უჯერებდა. ვიცი, რომ ჩემი ადამიანად ყოფნა მას საკუთარ ადამიანობას ახსენებდა და რთული პერიოდის მოგონებებს აღუძრავდა. ახლა კი ჩვენ დებივით ვართ- ის ძალიან სერიოზულად დამეხმარა რამდენიმე რთულ სიტუაციაში.
რაც შეეხება მიკას, ის დიდი დასავით, მამიდასავით და დედასავითაა, რომელის ყველას უნდა რომ ჰყავდეს. მან ყველა ჩემი საიდუმლო იცის, მე კი მისი. ახლა იმდენად ხშირად ვეღარ ვხედავ, როგორც ადრე, სხვა საძმოსთანაა, მაგრამ ვცდილობთ რომ დღესასწაულებზე და შობას შევხვდეთ ერთმანეთს.

რა იყო საუკეთესო და უსაშინლესი რამე ვამპირებთან ცხოვრებისა?
ჰმმმ... ყველაზე ცუდი, ალბათ, იმის დანახვა, თუ როგორ კლავდნენ ადამიანებს. მაშინაც კი, როცა ვიცოდი რომ ამას საკუთარი გადარჩენისთვის აკეთებდნენ. კო-ეკები ამას წყნარად აკეთებენ. ხოლო აპოფაი რასაც აკეთებს, უბრალოდ, გულისამრევია.

მაგრამ კო-ეკებიც ბოროტულად კლავენ.
მხოლოდ მაშინ, როცა უწევთ. ადამიანებსაც კი აქვთ ცხოველური ბუნება, რაღაც მხრივ. და მგონი, ეს ბუნება ვამპირებში უფრო ძლიერია. მოხიბლული ვარ, რომ ისინი მას ძალიან კარგად აკონტროლებენ.

და საუკეთესო რამ ვამპირებზე?
(იცინის) სანტის გარდა? ვფიქრობ, მათი ძალა. ისინი ძლიერები, ჭკვიანები არიან. ჩვენ გვქონდა დიდებული წვეულებები, შესანიშნავი დღესასწაულები- მათ ნამდვილად იციან, როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით, მაშინაც კი, თუ სიამოვნება მხოლოდ მცირე ხანს გრძელდება. ალბათ, იმიტომ რომ ამას დიდი ხანია მიჩვეულები არიან. მათ იციან როგორ ეძებონ კარგი და სასიამოვნო ყველაფერში.

რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება და ერთი რაღაცის შეცვლა საკუთარ ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?
დედაჩემის სიკვდილს. მას უნდა ეცოცხლა, დავენახეთ მე და სანტი ერთად და აღარ ყოფილიყო გაბრაზებული მთელ მათ მოდგმაზე. ჩვენ შეგვეძლო ოჯახი ვყოფილიყავით... მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიაა. ის მოკვდა. სხვების სიკვდილსაც შევაჩერებდი, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს. მაგრამ ვხვდები, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ეს უნდა იყოს.

ბედისწერაა?
კი. ბედისწერაა.

ვფიქრობ, გინდოდა გეთქვა, რომ შეგეძლო შეგეცვალა ის დრო, როდესაც კვირების განმავლობაში ტაძარში იყავი დატყვევებული.
ხო. კარგი იქნებოდა ტკივილის უკან დაბრუნება შეიძლებოდეს. მაგრამ მე შემიძლია ტკივილთან ერთად ცხოვრება, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, იმ ადამიანების შემდეგ, რომლებიც დავკარგეთ, მათი სიკვდილის შემდეგ... მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ტკივილი, რომელიც ტაძარში განვიცადე, საჭირო იყო. ჩემი ბოლო მაინც იქ ყოფნა იქნებოდა, რამდენადაც არ უნდა ეცადა საძმოს ჩემი დაცვა.

ანას აპატიე ის ყველაფერი, რაც გააკეთა?
ვეცადე. მაგრამ ის როგორც მოიქცა... მე მჯერა პატიების ძალის. შემოგვხედეთ მე და სანტის, მე და ლუკასს. მაგრამ ანა... ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და რაღაც არარეალურის გამო მიღალატა.

რა რჩევას მისცემდი იმ ხალხს, ვისაც ახლა აქვს რთული პერიოდი ცხოვრებაში?
ყოველთვის შეიძლება რაღაც უარესად იყოს- შემომხედეთ მე! (იცინის) მაგრამ, სერიოზულად- ჩემი პირადი გამოცდილებიდან, საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე... ვიტყოდი, რომ მოუსმინეთ უფროსი ხალხის რჩევებს- უმეტეს შემთხვევაში, მათ იციან რასაც ამბობენ. და არ მისცეთ ნება მწუხარებას, რომ შიგნიდან გაგანადგუროთ. ყოველთვის იყოლიეთ ერთი ან მეტი ადამიანი, ვისთან დალაპარაკებასაც შეძლებთ- ხალხი, ვისაც ენდობით. და ივარჯიშეთ. საბრძოლო ხელოვნებაში მეცადინეობამ ისეთი თავდაცვის საშუალება მომცა, რომელიც მანამდე არასდროს მქონია. გახადეთ თქვენი თავი იმდენად ძლიერი, რამდენადაც შესაძლებელია- არა მხოლოდ ფიზიკურად, მენტალურადაც. ამ ყველაფრის შემდეგ კი თქვენ მზად იქნებით ასპარეზზე გამოსასვლელად.

მადლობა რომ დრო გამონახე ჩვენთვის, დეა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ შენ და შენს ოჯახს
 გმადლობთ. მე თქვენი ნომერი მაქვს- მოგწერთ, როდესაც მზად ვიქნები მეტ რამეზე სასაუბროდ, კარგი?

მოუთმენლად ველი.
თუ გაქვთ შეკითხვა დეასთან, დაწერეთ კომენტარებში ქვემოთ, ან დაუკავშირდით ქ.რ. დეივისს აქ

გინდა წაიკითხო დეას ისტორია?

დააწკაპე აქ

2 comments:

  1. Thanks for amazing interview, I found out few details that I didn't know before. Absolutely impressed by Dea. She's one of my favourite characters of all times. Don't know and really interesting, what Dea thought about Marcello... Their relation lasted so little time, so I'd feeling that Dea kinda liked him. Can you ask her about it?

    ReplyDelete